პროკურატურაში ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გამოეხმაურა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოს აქვს კითხვების დასმის უფლება და ყველა ვალდებულია კანონის შესაბამისად გასცეს ამ კითხვებს პასუხები.
„კითხვების დასმის უფლება და საშუალება ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს აქვს და შესაბამისად, ეს იქნება პოლიტიკოსი, რიგითი მოქალაქე, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ რიგითი საჯარო მოხელე, ჩვენ ყველა ვართ ვალდებულები კანონის შესაბამისად გავცეთ ამ კითხვებზე პასუხი. ჩემი ამოცანა არ არის გამოძიების ჩატარება, მე ეს გამოძიება არც ჩამიტარებია და არც დამიწყია. ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალი გუნდი ვმუშაობთ პირველ რიგში იმაზე, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც არის დაწყებული, სწრაფად, წარმატებულად და ხარისხიანად დავასრულოთ“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. ალავიძე და ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.
კომენტარები