ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს 23:00 საათიდან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და გორგასლის ქუჩის გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით ან ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსისა და გვირაბის გავლით ევროპის მოედნამდე, ევროპის მოედნიდან კი ღვინის აღმართის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით.
უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე ღვინის აღმართზე ავტოტრანსპორტის დგომა-გაჩერება აკრძალული იქნება.
მოძრაობა სრულად აღდგება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ.
კომენტარები