ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მთავარ პროკურატურაში შეხვედრას მართავს. სარალიძის განცხადებით, ბოლო შეხვედრა 7 ივლისს შედგა, რომელზეც კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად პროკურატურამ 10 დღიანი ვადა ითხოვა. მისი თქმით, იგივე კითხვებს დასვამს, რაც წინა შეხვედრაზე ჰქონდა.
„10 დღე გავიდა და ისევ მოვედი. ალბათ, ისევ მათ შევხვდები, ვინც წინა შეხვედრას ესწრებოდნენ – საქმის პროკურორი, ახალი საქმის პროკურორები, ასევე მთავარი პროკურორის მოადგილე. იმედი მაქვს, დღეს ახალ მთავარ პროკურორსაც შევხვდები. ამ კითხვების გახმოვანებისგან ჯერ თავს შევიკავებ, მაგრამ ერთი რამე მინდა აღვნიშნო – გასული პირველ დეკემბერს, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, მონაწილე ბავშვებიდან არც ერთის ტელეფონები ამოღებული არ იყო და არც ერთის სატელეფონო საუბრები მოსმენაზე არ დაუსვამთ. როგორც გავარკვიე, მე და ჩემი მეუღლე მოსმენაზე ოფიციალურად დაგვსვევს და პასუხი ამ კითხვაზეც უნდა მივიღო – რომელ პროკურორს მოუვიდა თავში იდეა, მე და ჩემს მეუღლეს რა ბრალდება წაგვიყენეს, მოსამართლესთან რა ბრალდებით იშუამდგომლეს, რომ ოფიციალურ მოსმენაზე დაგვსვეს. სავარაუდოდ, შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენლები იქნებიან.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ამ 10 დღის განმავლობაში მათთან ხშირი კომუნიკაცია მქონდა, ხშირად ვხვდებოდი. ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ და ვნახოთ, პროკურატურამ რა გადაწყვეტილება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას მაშინაც კი წინააღმდეგობას უწევდნენ. ვნახოთ, დღეს რა გადაწყვეტილება ექნებათ“, – განაცხადა ზაზა სარალძემ.
კომენტარები