NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტი საქართველოში იმართება

„ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტი საქართველოში იმართება

17 ივლ 2018 ახალი ამბები 426 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

17-19 ივლისს თბილისში  „ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტი იმართება.  „OGP”-თვის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას საქართველო  თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი რანგის საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელია, რომელიც მსოფლიოს  76 სახელმწიფოს აერთიანებს. ფორუმს ესწრებიან მონაწილე ქვეყნების დელეგაციები – უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელმწიფო მეთაურები, მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმრებს შორის არიან საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მედიის წარმომადგენლები.

გლობალურ სამიტში საქართველოს ხელისუფლების სამივე შტოს პირველი პირები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ.

„ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონია  18 ივლისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი ბახტაძე გახსნის. სამიტი საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მოკლე ვიდეოფილმითა და მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნება.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ „ღია მმართველობის პარტნიორობის” აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი და პარტნიორობის თანათავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოებიდან მუკელანი დიმბა.

საპრეზიდენტო მაღალი დონის პანელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შრი-ლანკის პრეზიდენტთან ერთად გახსნის. სამიტის მონაწილეებს, ასევე, მიმართავენ  ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.

გახსნის ღონისძიება „ღია მმართველობის პარტნიორობაში” ახალი ხუთი წევრი სახელმწიფოსა და ხუთი ადგილობრივი ხელისუფლების საზეიმო მიღების ცერემონიითა და იუსტიციის მინისტრის მიმართვით დაიხურება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, ასევე, პირველი ხელოვნური ინტელექტი რობოტი სოფია, რომელიც მოგვიანებით მონაწილეობას მიიღებს სამუშაო სესიაში „ინოვაციები საჯარო სერვისებში”.  სოფია „UNDP”-ის ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად „OGP”-ის გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის ეწვია.

„OGP”-ის მე-5 გლობალურ სამიტს  ორი დღის განმავლობაში მთაწმინდა უმასპინძლებს და იქ არსებული ინფრასტრუქტურა საკონფერენციო სივრცეებად გარდაიქმნება.

სამიტზე საქართველო წარადგენს „ღია მმართველობა − საქართველოს” მეოთხე ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ ერთხმად იქნა მიღებული.

სამიტი 7 ენაზე ითარგმნება, ხოლო ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე სამიტის ოფიციალურ საიტზე ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტი ლაივსტრიმი გახსნის ცერემონიიდან.

ამასთან, ღია მმართველობის სამიტის გახსნის ცერემონიას პირველად ეყოლება სპეციალური საჭიროების მქონე დამსწრე პირებისთვის სურდო თარჯიმანი.

საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის − ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს. ამ კუთხით სამოქმედო გეგმაში აისახა ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა: სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვით; გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედება; საკანონმდებლო აქტების შემუშავება მოქალაქეთა ჩართულობითა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე; სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა; საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა; საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება; სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა და ანგარიშვალდებულება; მუნიციპალიტეტების ვალდებულებები და სხვა.

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის” რიგითი წევრი იყო, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გატარებული  რეფორმების შედეგად კი, თავის ისტორიაში პირველად გახდა 76 სახელმწიფოსგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

2014 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს – აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენი  ქვეყანა იუსტიციის მინისტრმა  წარადგინა; „ღია მმართველობის პარტნიორობის” ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა.

2015 წლის 3 ივნისს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის” ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა.

2016 წელს საქართველო საფრანგეთთან ერთად „OGP”-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

2017 წელს საქართველო ერთი წლით „OGP”-ის 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და თავმჯდომარეობა  საფრანგეთისაგან გადმოიბარა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP”-ის შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა.

კომენტარები

გლობალური პარტნიორობა სამიტი 2018-07-17
Tags გლობალური პარტნიორობა სამიტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„კომპანია არის სრულ ზარალზე და მისი სურვილი იმისა, რომ დათმოს აღნიშნული ობიექტი, გამომდინარეობს აქედან“

შემდეგი სტატია

ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მთავარი მიდგომაა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო

მსგავსი სტატიები

„დედას დაურეკა, არ ინერვიულო მალე მოვალო და მერე მოხდა ეს უბედურება“

20 დეკ 2017
„ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?“ – გედევან ფოფხაძე თანაგუნდელებს პასუხობს

„ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?“ – გედევან ფოფხაძე თანაგუნდელებს პასუხობს

11 იან 2019

თბილისის ნაწილს 9 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

08 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

  • ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

    ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge