ფორმალური პროცედურის გარდა, პრაქტიკულად საქართველოს MAP-ის ინსტრუმენტი არაფერში სჭრიდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ძნელია თქმა, რამდენად რეალურია რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს შესაძლოა MAP-ის მინიჭების გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა გაეხსნას, თუმცა ამის შესახებ დისკუსია დიდი ხანია მიმდინარეობს.
„იმაზე, რომ ამგვარი გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებული იყოს, დიდი ხანია საუბრობს ქართული მხარეც და ჩვენი მეგობრების საკმაოდ ფართო წრე. კერძოდ, საქართველოს ფორმალური MAP-ის ინსტრუმენტი პრაქტიკულად არაფერში სჭრიდება, რადგან ის მიზანი, რისთვისაც თავის დროზე მაპ-ი შეიქმნა, საქართველომ ნატო-სთან თანამშომლობის არსებული ფორმატების ფარგლებში და არსებული ინსტრუმენტებით წარმატებით შეასრულა. ასე რომ, საქართველოს შემთხვევაში MAP-ს კონკრეტული ამოცანა, გარდა ფორმალური პროცედურის როლისა, რეალურად არ აქვს“, – განაცხადა მენაღარიშვილმა.
რაც შეეხება ბრიუსელის სამიტს, ირაკლი მენაღარიშვილი იმედოვნებს, რომ სამიტი დაადასტურებს ალიანსის სიმტკიცეს და ერთიანობას, რადგან არსებობს გარკვეული ეჭვები იმის შესახებ, რომ ალიანსის შიგნით შეიძლება აზრთა სხვადასხვაობას ჰქონდეს ადგილი.
„საქართველო რასაც შეიძლება ელოდეს, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. რა შეიძლება იყოს ეს ნაბიჯი, მთლიანად დამოკიდებულია იმ ხალხის შემოქმედებით მიდგომაზე, ვინც ფინალურ დოკუმენტებზე მეშაობს. მთავარია, მკაფიოდ ჩანდეს, რომ საქართველოს შანსი, გახდეს ალიანსის წევრი, არის რეალური და მის ბედს არ წყვეტს სხვა ვინმე, გარდა ქართველი ხალხისა“, – დასძინა ირაკლი მენაღარიშვილმა.
კომენტარები