საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის 21 კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული. დღეისათვის მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილები არიან: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მაია ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, გიორგი შაშიაშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი, შალვა შავგულიძე, ნონა ფილაური, ალექსანდრე კობაიძე, ლენა კაპანაძე, კოტე ჭილაია და ლევან ძნელაძე. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მთავარი პროკურორის მოქმედმა მოადგილე გიორგი გოგაძემ, თავისი კანდიდატურა 22 ივნისს მოხსნა.
გიორგი შაშიაშვილი მთავარი პროკურორის პოსტზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარადგინა; ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე და შალვა თადუმაძე − თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; ირაკლი ნადარეიშვილი თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიის“ დამფუძნებელმა მარიამ მესხიშვილი-ეფაძემ წარადგინეს;
შალვა შავგულიძე− პოლიტიკური პარტიის − „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − გენერალურმა მდივანმა გიორგი (გიგი) უგულავამ.
ლენა კაპანაძე მთავარ პროკურორად საქართველოს ქალთა ეროვნებათშორისო საკოორდინაციო საბჭომ წარადგინა.
კოტე ჭილაიამ საქართველოს მთავარი პროკურორის პოზიციაზე საკუთარი თავი თავად წარადგინა.
ლევან ძნელაძის კანდიდატურა შპს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ წარადგინა.
ნონა ფილაური მთავარ პროკურორად პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა თამარ კიკნაძემ წარადგინა. მის კანდიდატურას მხარს უჭერენ, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა დარბაზის გამგეობის“ წევრი, ჟურნალისტი შორენა კოწოწაშვილი; მსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა (ნატალია) ჟორდანია; ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ნინო დიდიშვილი; შპს ,,რეალექსპერტის“ (REALEXPERT) ადმინისტრაციული დირექტორი მაია ნიკოლეიშვილი; ზურაბ ხაჩიძე; თეიმურაზ ონიანი..
ალექსანდრე კობაიძის წარდგინება „ხალხის პარტიას“ ეკუთვნის.
საპროკურორო საბჭოში კანდიდატურების წარდგენის ვადა 4 ივლისს ამოიწურა.
საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. პირველად არჩევნები 2015 წელს გაიმართა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან.
კომენტარები