ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ხელისუფლების განცხადებაზე ნატო-ში 2021 წლისთვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
რუსული გამოცემა Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისის განზრახვა „სამხრეთ ოსეთს“ აშფოთებს, რასთან დაკავშირებითაც რუსეთთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი კონტურების შექმნა ხდება.
„საქართველოს უფლება აქვს ნებისმიერ ალიანსს შეუერთდეს. სამხრეთ ოსეთი ამას ვერ შეუშლის ხელს. ამავდროულად, ეს შეშფოთებას იწვევს და ყველაფერი კეთდება, რათა რესპუბლიკის ხალხი შესაძლო პროვოკაციებისა და ძალისმიერი სცენარებისგან დავიცვათ. ზუსტად ამიტომაც სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან კონტურებს ქმნის. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მათ შორის უნდა პასუხობდეს ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ძალების გამოჩენის შესაძლებლობას“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებაზე.
კომენტარები