ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს მიერ გამტანილ განაჩენს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მის მიმართ წაყენებულ ბრალს სააკაშვილი სისულელესა და აბსურდს უწოდებს.
„ეს ე.წ. განაჩენი ჩემ წინააღმდეგ ეფუძნება ნინო ბურჯანაძის, მაშინდელი სპიკერის ჩვენებას. ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ მე ის დავიბარე ჩემთან და გავანდე საიდუმლოდ, რომ მე გავეცი გელაშვილის ცემის განკარგულება და მეტი არასოდეს ვიზამდი ამას.
ერთი წამით დაუშვით, რომ მართლაც გავეცი ასეთი განკარგულება, ეს არის სრული სისულელე და აბსურდი. რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ნინო ბურჯანაძისთვის, რომელსაც არავინ არ ველაპარაკებოდით სერიოზულად, არ აღვიქვამდით სერიოზულად, არ ვენდობოდით მთელი ეს პერიოდი, ეს ყველამ იცის, ვინც შიდა სამზარეულოში იყო ჩახედული და საერთოდ რა ნიშნით უნდ გამენდო ეს ვინმესთვის. ეს ხომ არის კომედია სამართალზე და მართლა დაცინვა ყველაფრის, რაც კანონთან არის დაკავშირებული.
მე მიკვირს, რატო არიან გაჩუმებულები არასამთავრობო ორგანიზაციები, ის ხალხი, ვისაც ევალება სამართლებრივი პროცესების დაკვირვება, რატომ არ იღებს ხმას პოლიტიკური სპექტრი? აქ ხომ აზრთა სხვადასხვაობაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ყველანაირი კანონის ფეხქვეშ გათელვაზე და ელემენტარული დემოკრატიული ნორმების სრულ უარყოფაზე და ეს, რა თმა უნდა, ყველას შეეხება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ უსამართლობას გადავლახავთ, ჩვენ მოვიპოვებთ სამართალს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებში და ივანიშვილი ვერ შეძლებს ამ მეთოდებით ქართველი ხალხის ნების შეჩერებას.
მე მინდა ყველას მოვუწოდო გაერთიანებისკენ, დარაზმვისკენ და ერთად ბრძოლისკენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო დავუბრუნოთ ქართველ ხალხს და ეს ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ ამაში“,-განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
კომენტარები