ამ დროის მონაცემებით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 205 შეტყობინებაა შესული. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონებიდან, სადაც ძლიერმა ნალექმა გზაზე წყალმოვარდნები გამოიწვია, დაიტბორა რამდენიმე შენობის სარდაფი, ძლიერმა ქარმა კი ელექტროსადენები დააზიანა და ხეები წააქცია.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა”- აცხადებენ უწყებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 20 ივნისამდე ნალექიანი ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება და ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
კომენტარები