აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდი შვიდიანის“ 44-ე სამიტს რუსეთის წარმომადგენელიც უნდა დაესწროს. როგორც ცნობილია, რუსეთი „დიდი რვიანიდან“ 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს, რის შემდეგაც ფორმატი „დიდ შვიდიანად“ გადაკეთდა.
„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. თქვენ იცით, რომ მე რუსეთისთვის კოშმარი ვარ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უნდა იმყოფებოდეს. გარდა ამისა, რუსეთი „დიდ რვიანში“ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც ის გარიცხული იყო. ჩვენ გვჭირდება რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აღნიშნული განცხადებები დონალდ ტრამპმა კანადაში გაფრენამდე გააკეთა. სწორედ კვებეკში იმართება G7-ის 44-ე სამიტი.
„დიდ შვიდეულში“ აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და გერმანია შედიან. სამიტებზე ძირითადად ეკონომიკურ თემებს განიხილავენ, თუმცა მსოფლიო ლიდერები არც გლობალურ პრობლემებზე ერიდებიან ხოლმე საუბარს.
G7-ში შემავალი ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკის 60%-ს წარმოადგენენ.
კომენტარები