ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სხდომა გაიმართება. ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას წარუდგენს, რითიც დასტურდება, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში აწამეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართული მხარე მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები.
„ტატუნაშვილის საკითხი იქნება მთავარი თემა, წინა შეხვედრის ფარგლებში ბევრი საათი დაეთმო ამ საკითხის განხილვას, ჩვენ დავაყენეთ საკითხები, მათ შორის იყო უპასუხო კითხვები, ამ კითხვებზე ჩვენ ველოდებით პასუხს. ვიცი, რომ არსებობს ასევე განზრახვა კომისიური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რომელიც ზუსტად უკავშირდება სიკვდილის უშუალო მიზეზების დადგენის მცდელობას. ქართული მხარე გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს და მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები, იქნეს ყველა გარემოებაზე სინათლე მოფენილი“,-განაცხადა ციხელაშვილმა.
კომენტარები