„შეხვედრა დასრულდა, ჩვენ დეტალურად კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია. მოხდა აქცენტირება იმ მინუსებზე, იმ პრობლემურ ნაწილზე, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს და აგრეთვე მის უდანაშაულოდ ცნობას. პრემიერმინისტრმა დეტალურად კიდევ ერთხელ მოინიშნა და აშკარა იყო, რომ მან იცოდა ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები და მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს. უშუალოდ აწარმოებს ამ საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას, აგრეთვე შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას.
მისი მხრიდან მოხდა ამ საკითხის დეტალური შესწავლა აქამდე, ვინაიდან კითხვები, რომელიც მე მქონდა, მან პასუხი გასცა. ფაქტია, რომ მას ამ საქმის მასალების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
შეხვედრას ესწრებოდა ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი, EMS-ს წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია, პრემიერმინისტრი და მე.
ჩვენი შეხვედრა მხარეების გადაწყვეტილებით, მოხდა ცალკე, ვინაიდან ეს ცალკე წარმოებული სისხლის სამართლის საქმეა და, რომ უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი უფლებების დაცვა და ჩვენი პოზიციონირება, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ პირველი შევსულიყავით,
ჩვენ მივიღეთ სამძიმარი, თუმცა მანამდეც, პრემიერი ერთადერთი ადამიანი იყო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც უშუალოდ გამოთქვა მწუხარება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე.
ჩვენ გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და აუცილებლად იქნება მათზე რეაგირება თუ კი იქნება ამის საფუძველი. ეს იყო მისი ადამიანური პირობა, მისი პირადი პირობა, რომ ამ საკითხზე იგი გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან და ჩვენ ვერ ვიპოვით სამართალს, ცხადია იქნება აქციები კიდევ უფრო მასშტაბური. გონივრული ვადა გახლავთ 10-14 დღე“,-განაცხადა კუბლაშვილმა.
კომენტარები