„დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო უმცირესობა, ანუ მას 9 წევრი ეყოლება და ეს მოხდება კვოტების გადანაწილების ხარჯზე. შესაბამისად, უმცირესობის წარმომადგენელი იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეც”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიაში წარმოდგენილი იქნება „პატრიოტთა ალიანსიც”, რომელსაც კომისიაში ადგილების შესაბამისი რაოდენობა ექნება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარტიასთან პირველადი კონსულტაციები უკვე გაიმართა.
„ „პატრიოტთა ალიანსს” ისედაც ეკუთვნის კვოტა დროებით საგამოძიებო კომისიაში, შეიძლება, დამატებით დაეთმოს კვოტა ასევე „პატრიოტთა ალიანსს”, ამაზეც შეიძლება კონსულტაციების წარმოება. პირველადი კონსულტაციები იყო უკვე ამ საპარლამენტო პარტიასთან და ეს კონსულტაციები გაგრძელდება, შედგება კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი. ეს არის გადაწყვეტილება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის პრინციპული საკითხი იყო, პროცესზე გადამწყვეტი გავლენა ჰქონოდა და ამასთან დაკავშირებით, შეთანხმება მიღწეულია.
„პრინციპული საკითხი იყო ოპოზიციისთვის, რომ მათ ჰქონოდათ გადამწყვეტი გავლენა პროცესზე და ამასთან დაკავშირებით არის მიღწეული შეთანხმება. ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი მიზანი-ეს არის ნათელის მოფენა იმ საქმეზე, რომელიც არის დაკავშირებული ამ ძალიან მძიმე დანაშაულთან. ეს არის ჩვენი მიზანი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სუბიექტი, რომელიც იქნება დროებით საგამოძიებო კომისიაში, ამავე სულისკვეთებით იმოქმედებს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად მიაღწევს კომისია შედეგს. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავარი და ერთადერთი ამოცანა გახლავთ ის, რომ ყველა დეტალი იყოს გაცხადებული ამ საქმესთან დაკავშირებით და ყველაფერი გაირკვეს დეტალურად”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით, კომისია საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს შეისწავლის. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, მორალური თვალსაზრისით, მიუღებელია და იმედი გამოთქვა, რომ კომისიის საქმიანობაში ჩართული ყველა პარტია სწორედ ამ სულისკვეთებით იმუშავებს.
კომენტარები