„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, დღეს არსებული სისტემა „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშით ვერ დაინგრევა. მისივე თმით, სისტემის დანგრევა შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში წარმართული პოლიტიკური პროცესით.
„სისტემა ვერ დაინგრევა სისტემის შემქმნელის, „ნაცმოძრაობის“ რევანშით, სისტემის შემნარჩუნებლის „ოცნების“ წინააღმდეგ. სისტემა დაინგრევა და ქვეყანა გადარჩება კონსტიტუციის ფარგლებში წარმართული პოლიტიკური პროცესით და პროპორციული არჩევნების გზით ხალხის ნების ადეკვატურად ამსახველი ახალი პარლამენტით და ახალი მთავრობით.
ამიტომ, ყველა, ვისაც უნდა ქვეყანაში სწორი პოლიტიკის წარმართვა, სამართლიანი სისტემის აშენება და რეალური ცვლილებები, ვადამდელ არჩევნებამდე უნდა ითხოვდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას. გავიხსენოთ, არსებული საარჩევნო სისტემა რა შედეგს იძლევა ხოლმე რევოლუციურ ტალღაზე – პროცესების ლიდერი ძალა სწორედ ამ სისტემის მეშვეობით იღებს ხოლმე ერთპიროვნულ უმრავლესობას და ხდება ერთპიროვნული მმართველი. ახლა ისიც გავიხსენოთ, თუ რა შედეგი მოაქვს რევოლუციურ ერთპიროვნულ მმართველობას და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ თუ რას მივყავართ სისტემის შეცვლისკენ და რას – იმავე მანკიერ სისტემაში ადამიანების ჩანაცვლებისკენ”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
კომენტარები