ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, ის მზად არის შეხვდეს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს. ზაზა სარალიძის თქმით, ეს შეხვედრა ჯერ შეთანხმებული არ არის, თუმცა თავად სურვილს გამოთქვამს, რომ პატრიარქს დღეს, 16:00 საათზე ოჯახთან ერთად შეხვდეს.
„პირველ რიგში, დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს სულიერ მამას, რომ ტელევიზიით მიხდება მისთვის მიმართვა. უბრალოდ, როგორც პატარა კაცმა არ ვიცი როგორ დავეკონტაქტო საპატრიარქოს. მეც დიდი სურვილი მაქვს, დღეს, 16:00 საათისთვის თუ იქნება საშუალება შევხვდე ჩემს სულიერ მამას, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ მთელი საქართველოს, მართლმადიდებლების სულიერი მამაა. მე მივდივარ ჩემ სულიერ მამასთან სასაუბროდ არა იმაზე, რომ რაღაც შეთანხმებებზე წავიდე, არამედ იმაზე, რომ გავუზიარო ჩემი გაჭირვება. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი შვილის სულის სიწმინდეს ყოველთვის დავიცავ, უნდა მომკლან“,-განაცხადა სარალიძემ.
ზაზა სარალიძის თქმით, აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მისი შვილის მკვლელები და მათი ხელის დამფარებლები არ დაისჯებიან.
„აქცია ძალაში დარჩება ვიდრე ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, ჩემი შვილის მკვლელების ხელის დამფარებლები და ამ საქმის გამყალბებლები“, – განაცხადა სარალიძემ.
კომენტარები