„გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც აქვს ბატონ ზაზას, იმიტომ, რომ არის ბევრი დეტალი საქმეში, რაც იწვევს ეჭვს, მაგრამ ამის მიტანა საზოგადოებამდე ტელევიზიების და მიტინგის მეშვეობით არის რთული, ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ყველა დეტალს, რაც მას აწუხებს, ყველა გამოუძიებელ გარემოებას, ყველა საეჭვო პირის მონაწილეობას ამ საქმეში სჭირდება გამოძიება და ყურადღება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან და მე, როგორც სახალხო დამცველი, ვეცდები, რომ ეს ფუნქცია განვახორციელო, რომ მივიტანო ბატონი ზაზას სათქმელი შესაბამის ორგანოებამდე.
ბატონ ზაზას აქვს პოლიტიკური მოთხოვნები იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს რწმენა დაკარგული გამოძიების მიმართ. ჩემი პოზიციაა, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, შესაბამისად გამოძიება უნდა განხორციელდეს, თუმცა გამოძიებამ არ უნდა დატოვოს კითხვები ისე, როგორც უკვე წარმოებულმა გამოძიებამ დატოვა. ამიტომ ვაპირებ შევხვდე ყველას, ყველას შევხვდები, ვისთანაც საჭირო იქნება ამ ხმის მიტანა. ვაპირებ, მქონდეს კონტაქტი შსს-ს წარმომადგენლებთან, რომ გავიგო, რა სტადიაზე არიან, რას აპირებენ დ ასევე მივიტანო ბატონი ზაზას სათქმელი მათთან.
ის გარემოებები, რაზეც ბატონი ზაზა საუბრობს, რაც მეც გამიჩნდა იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც მაქვს ამ საქმის გარშემო, მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, ვიფიქრო, რომ გარკვეული გარემოებები არ იყო გამოძიებული ან შეგნებულად, ან არაპროფესიონალიზმის ან დაუდევრობის, ან გულგრილობის გამო.
უნდა დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მართებული იყო, რამდენად კეთილსინდისიერი იყო განხორციელებული გამოძიება“,-განაცხადა ლომჯარიამ.
კომენტარები