საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი 25-26 მაისს საქართველოს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ შედგება „პროექტის-„ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ განხორციელების შესახებ“ მთავრობათშორისი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია და გაკეთდება განცხადებები პრესისთვის.
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, კერძოდ, ის სიტყვით გამოვა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავი ფიცის დადების ცერემონიაზე, ასევე დაესწრება ხელოვნების სასახლის მუზეუმში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას და საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების იმიტირებულ ცერემონიას.
საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელით, „ქორთიარდ მარიოტში“ ლანჩი გაიმართება. ვიზიტის დასასრულს, 26 მაისს, ჟან-ივ ლე დრიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო გალა-კონცერტს დაესწრება.
კომენტარები