აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სახელმწიფოს მდივანს, მაიკ პომპეოს მოუსმინეს. კონგრესმენების კითხვები საქართველოს საკითხსაც შეეხო. 1tv.ge-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით ადმინისტრაცია ნატო-ში გაწევრიანებაზე მუშაობს.
„გვაწუხებს რუსეთის აგრესია, რომელიც თავიდან მოლდოვაში დაიწყო, შემდეგ საქართველოს მისწვდა და მოგვიანებით უკრაინაში 10 000 ადამიანი იმსხვერპლა. კიდევ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად საჭირო შეიარაღების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით სამ ხსენებულ რესპუბლიკაში, რათა პუტინის რეჟიმის აგრესია შევაჩეროთ?“, – ჰკითხა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მაიკ პომპეოს.
როგორც მაიკ პომპეომ აღნიშნა, იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმოჩინებისთვის, რომლებიც დასავლეთის გზას ადგანან, ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი.
„ამ სამი ქვეყნის შეიარაღების საკითხებს სიამოვნებით გავეცნობი უფრო დეტალურად. ამ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სახელმწიფო დეპარტამენტში, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში დიალოგი გვქონდა. თავიდანვე მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთან მიმართებით ვმუშაობთ ნატო-ში გაწევრიანებაზე. ეს ის საკითხებია, რომლითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ ამ ქვეყნების მოსახლეობას. გასულ წელს ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის იარაღი და სისტემები მიგვეწოდებინა, რასაც ამჟამად იყენებენ. ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმოჩინებისთვის, რომლებიც დასავლეთის გზას ადგანან”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
კომენტარები