საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში, შესაძლებლობებსა თუ მიღწევებში.
“აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით, ის განსაკუთრებით აფასებს გიორგი კვირიკაშვილის, როგორც ლიდერის როლს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის და რეფორმების პროცესში; საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს რეგიონთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკაში.
ვიცეპრეზიდენტმა პენსმა დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მზაობა, გადადგას ნაბიჯები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
საქართველოს პრემიერმინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა მეგობრულ გარემოში დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის სახლში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა”- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები