პრემიერი კვირიკაშვილის განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთო მიზნები აქვთ. ასევე, პრემიერის თქმით, საქართველო მოხარულია, რომ შეუძლია ამერიკული სამხედრო თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს თავდაცვის მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენს სახელმწიფოებს აქვთ მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთო მიზნები. ჩვენ ერთად, მხარდამხარ ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღდეგ ავღანეთში, სადაც ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა დიდ დახმარებას უწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი სკაპაროტი იმყოფებოდა საქართველოში და გახსნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ისტორიული პროგრამა და ტრენინგის ინიციატივა, რაც წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაში ახალი ეპოქის დაწყებას, რომელსაც წვლილი შეაქვს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაში და, შესაბამისად, ზოგადად ევროპაში უსაფრთხოების, სტაბილურობის საქმეში. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე მზად ვართ, მივაღწიოთ კიდევ უფრო შთამბეჭდავ პროგრესს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში.
ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ნატოსთან ურთიერთქმედების განმტკიცების მხრივ. ჩვენი სტატისტიკა უკვე აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტიდან თავდაცვის ბიუჯეტზე გამოყოფილი სახსრების ნატოს სტანდარტს – 2 პროცენტს, სამხედრო ტექნიკაზე გამოყოფილი 20 პროცენტის ჩათვლით.
ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, შევიძინოთ აშშ-ის სამხედრო თავდაცვითი აღჭურვილობა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
კომენტარები