საქართველო არის ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში. ისინი თავდაუზოგავად ასრულებენ ამ მოვალეობას. 32-მა ქართველმა მებრძოლმა თავი შესწირა იქ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეს.
ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს საქართველოს მსხვერპლს და ჩვენ უდიდეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სიმტკიცისთვის ამ მნიშვნელოვან ერთობლივ მისიაში”- განაცხადა პომპეომ.მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო განაგრძობენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის თანამშრომლობას გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტი მებრძოლების შემოჭრის და სახიფათო ბირთვული მასალების კონტრაბანდის აღკვეთის საქმეში.
“2016 და 2017 წლებში საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ევროატლანტიკური არჩევანი, მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ჩათვლით.
ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას და ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში.
ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ ასპექტს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ეროვნულ უსაფრთხოებას, დინამიკურ ეკონომიკას და დემოკრატიას. ჩვენ ვიცით, რომ ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთად წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების მთავარ საფუძველს. კანონის უზენაესობას, რომელსაც ერთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებული ხელისუფლება და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული პლურალიზმი, არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლისთვის”- განაცხადა მაიკ პომპეომ.
მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიის შემდგომი განმტკიცებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, შექმნას შესაძლებლობები იმისთვის, რომ ისმოდეს ყველას ხმა, მათ შორის, პოლიტიკასა და მედიაში, ასევე – განამტკიცოს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები სახელისუფლებო ინსტიტუტებში.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველო განაგრძობს რეფორმების პროცესს. ქვეყნის წარმატებას ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობაც – უპასუხოს ქართველი ხალხის მოლოდინებს და უზრუნველყოს ეკონომიკური კეთილდღეობა და სახელისუფლებო გამჭვირვალობა.
ბატონო პრემიერმინისტრო, ჩვენი ქვეყნები არიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას საქართველოს უკვე 25 წლის განმავლობაში და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში”- განაცხადა მაიკ პომპეომ.
მაიკ პომპეოს განცხადების თარგმანს საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
კომენტარები