საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურ მუშაობას აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის კუთხით – წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ შემთხვევაში, ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 880 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ხოლო მესამე შემთხვევაში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
კომენტარები