ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მოძრაობა „თეთრი ხმაურის” წევრებს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა: „შეიქმნება ორი ჯგუფი. ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს რამდენიმე სერიოზული ფორმატი აქვს ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში და ეს იქნება, ასე ვთქვათ, ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს და შევძლებთ, უფრო სწრაფად დავხუროთ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს. მეორე ჯგუფი იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში, იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც პროკურატურაში არ არსებობს.
ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ძალზე მარტივი პასუხი. პირველი – შინაგან საქმეთა სამინისტროს კლუბში შესული ყველა თანამშრომელი აღჭურვილი იყო სამხრე კამერით და უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს, განსაკუთრებით, კლუბის შიგნით. ამაში ჩვენ კოლეგებიც დაგვეთანხმნენ. მათ, ძირითადად, შეკითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა კლუბის გარეთ, ქუჩაში. შესაბამისად, ჩვენ ვიპოვით ყველა ადამიანს, თითოეულს, მათი რაოდენობა, დაახლოებით, იყო 70, ვინც ამ დროს კლუბში იმყოფებოდა და იქ არ დასტურდება, მე ვსაუბრობ ერთ კლუბზე, ასეთი ფაქტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დაფიქსირებული 20 შემთხვევა, კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისა – ეს ერთი. მეორე – სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან „112“-ში გამოძახება და შემდგომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში გადაყვანის რაოდენობა გაიზარდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში, იყო 48. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იყო, განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“.
კომენტარები