შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებთან მივიდა. გიორგი გახარიამ მათ ბოდიში მოუხადა.
„მოდით, მაშინ დავიწყოთ, ბოდიშით, ბოდიში. მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახლით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს, ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შსს-ს რომელიმე წარმომადგენელმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრმა აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.
„თუმცა, მინდა, ასევე გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, მათ მხოლოდ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმაში ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, ასევე მათაც უთხრათ ბოდიში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიამ აქციის მონაწილეებს დაპირებები გააცნო.
“ჩვენი, ყველას საერთო ამოცანაა, რომ დღეს ეს საღამო მშვიდობიანად დავასრულოთ. თქვენ იცით, რომ უკვე მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება აქ, ამ მოედანზე არ შეუზღუდავს არავის. ასევე, იცით, რომ თითოეული პოლიციელი დღესაც და გუშინაც ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი, საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში. ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ ხვალ, დილის 10:00 საათზე, თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად განვიხილავ პარასკევ დღეს მომხდარს. ყველა ის ადამიანი, რომელზეც შევთანხმდებით, რომ უფლება იქნა დარღვეული, უფლება იქნება აღდგენილი. მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ დაპირებები არ შესრულდება, ყოველთვის შეგვეძლება, თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა კლუბებში, “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე სპეცოპერაცია დაიწყეს. შსს-ს ცნობით, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. სპეცოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა. როგორც დილით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს. “პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია. ამ დროისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – განაცხადეს შსს-ში.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აღნიშნული აქციის პარალელურად, გზის საპირისპირო მხარეს კონტრაქციის მონაწილეები არიან შეკრებილები.
კომენტარები