საქართველოს პრეზიდენტი ჩვენგან ითხოვს კანონის, კანონის ძალის მქონე აქტის დარღვევას, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც კონსტიტუციური ორგანოს თავმჯდომარე, ვფიქრობ, რომ ასეთი გადახვევა იქნებოდა დათვური სამსახური ინსტიტუტებისთვის”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ განხილვის ალტერნატიულ ფორმატს მხარი არ დაუჭირა და მუშაობა რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატით გააგრძელა.
კენჭისყრის პროცედურამდე, განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც განმარტა, რომ საკითხს ორი მხარე აქვს – პოლიტიკური და სამართლებრივი. ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტი, რომელიც მეხუთედ წარსდგა პარლამენტში, კარგად იცნობს მის მოხსენებასთან დაკავშირებულ პროცედურას და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მისი მოთხოვნა გაუგებარია.
„ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, პრაქტიკული თვალსაზრისით, ჩვენთვის უმჯობესი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რომ გადავუხვიოთ რეგლამენტს, და გავაგრძელოთ მუშაობა სხვა გზით, არა რეგლამენტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, არავის არ მიეცემოდა არავითარი საბაბიც კი იმაზე საუბრის, რომ თითქოს არის რაღაც ე.წ. კინკლაობა ინსტიტუტებს შორის, ცდილობენ ჩვენს შეყვანას ასეთ პროცესში, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და ამას ხედავს როგორც უმრავლესობა, ასე უმცირესობა. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დადებითი გადაწყვეტილებით შეგვიძლია ამის საბაბი მთლიანად მოვსპოთ. მეორე არის სამართლებრივი მხარე. სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენ გვევალება რეგლამენტის მიხედვით მოქმედება. რეგლამენტი კი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ჯერ უნდა დავუთმოთ დრო ფრაქციებს,
უმცირესობას, უმრავლესობას, ვიცე-სპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ამის შემდეგ ვაძლევთ უკვე დასკვნით სიტყვას მომხსენებელს, ბატონ პრეზიდენტს. ეს არის გაწერილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, შესაბამისად, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვთავაზობდნენ რეგლამენტიდან, საკანონმდებლო აქტიდან გადახვევას. ამას რომ გვთავაზობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის ჩახედული პოლიტიკურ პროცესებში, არ არის ჩახედული საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს იქნებოდა კიდევ უფრო მეტად გასაგები ჩვენთვის, თუმცა, ამას გვთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის ჩართული უკვე ხუთი წელია პოლიტიკურ პროცესში, რომელიც არის ჩართული საპარლამენტო პროცესებში, ის უკვე მეხუთედ აკეთებს მოხსენებას საქართველოს პარლამენტში და ის იყენებს ამ ფორმატს თავისი მოხსენებისთვის, მან ძალიან კარგად იცოდა და ზუსტად იცოდა, თუ როგორი პროცედურა არის დაკავშირებული მის მოხსენებასთან საქართველოს პარლამენტში.
აქედან გამომდინარე, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მისი ეს მოთხოვნა არის ბევრად უფრო მეტად გაუგებარი, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, როდესაც ასეთ მოთხოვნას საქმეში ჩაუხედავი, საპარლამენტო პროცესში და პოლიტიკურ პროცესებში ჩაუხედავი ადამიანი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც კანონის დაცვისა და პატივისცემისკენ უნდა მოგვიწოდებდეს.”
კომენტარები