„ევროპული საქართველოს“ ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს უეს მიტჩელს შეხვდნენ. შეხვედრა აშშ-ს საელჩოში გაიმართა. საუბარი ქვეყნის უსაფთხოებას, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასა და შიდა პოლიტიკურ გამოწვევებს შეეხო. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ევროპულ საქართველოს აქვს გამორჩეულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები აშშ-სთან და სწორედ ამ პარტნიორობის სულისკვეთებით ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამაც. ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები იყო აბსოლუტურად იდენტური. ვისაუბრეთ ორ ძირითად მიმართულებაზე. პირველი უკავშირდება უსაფრთხოებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობა, ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერება და ნატოში ინტეგრაცია. ხოლო მეორე საკითხი ეხება საქართველოს შიდა პოლიტიკას, დემოკრატიას, ოპოზიციის როლის გაძლიერებას ქვეყანაში, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, მედია პლურალიზმს ანუ იმ თემებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებული მომავლისთვის. ორივე თემაზე გვქონდა სრული ურთიერთგაგება ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და პარტნიორებთან. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და საქართველო იქნება აშშ-სთვის უფრო მეტად პრიორიტეტული, ვიდრე იყო აქამდე. ძალიან კმაყოფილი ვართ შეხვედრით და მიგვაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობები სწორი მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია კი ამბობს, გასახარია ვეს მიტჩელის ამ თანამდებობაზე ყოფნა, რადგან ის ცნობილია საჯარო სივრცეში თავისი მკაფიო პოზიციით რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით.
„უსაფრთხოებისა და შიდა დემოკრატიის თვალსაზრისით, აშშ-ს ადმინისტრაციის სახით ჩვენ, როგორც ქვეყანას კვლავ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გვყავს.
ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული და უსაფრთხო ქვეყანა. ამისთვის საჭიროა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება და მეორე მხრივ, დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერება. ორივე მიმართულებით დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. საჭიროა ოპოზიციის აქტიურობა და სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კომენტარები