ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დარღვევები არ დაფიქსირებულა და არც საჩივარი დაწერილა.
ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვანში, #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი საკონტროლო ფურცლის გარეშე აპირებდა ხმის მიცემას.
„რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ საარჩევნო კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად. კერძოდ, ვიდრე პირველი ამომრჩეველი შეავსებდა საკონტროლო ფურცელს, რიგში მყოფმა დანარჩენმა მოქალაქეებმა გამოთქვეს ხმის მიცემის სურვილი. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ამომრჩევლის მიერ საკონტროლო ფურცლის შევსების პროცესში კომისიამ დანარჩენ მოქალაქეებს სთხოვა მოცდა. მას შემდეგ, რაც შეივსო საკონტროლო ფურცელი და პირველმა მოქალაქემ განახორციელა ხმის მიცემა, ამის შემდეგ სხვა ამომრჩევლებს მიეცათ ხმის მიცემის შესაძლებლობა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური
არჩევნები მიმდინარეობს.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
კომენტარები