კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსულ ტელეოპერატორ “ენ ტე ვე პლუსს” ავტორიზაცია შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას კომისია ავრცელებს.
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამართულ სხდომაზე შპს „GUDA TV-სთვის” და „ნტვ+“-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იმსჯელა. მას შემდეგ, რაც კომისიამ სამ კომპანიას – შპს „GUDA TV“, „ნტვ+“ და შპს „Voxbone“-ს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა.
შპს „GUDA TV“-მ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა, „ნტვ+“-მ კი – ავტორიზაციის შეჩერების. რაც შეეხება შპს „Voxbone“-ს კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას შუამდგომლობით მიმართა და მისი საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება ითხოვა. კომისია შპს „Voxbone“-ის თემაზე ერთ კვირაში იმსჯელებს”- ნათქვამია კომისიის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ”გაზპრომ მედიის” შვილობილმა “ენ ტე ვე პლუსმა” ავტორიზაცია 2016 წელს გაიარა. რუსული კომპანია ქართველი მაყურებლისთვის ორი პაკეტის შეთავაზებას გეგმავდა. პირველში 50-მდე არხი უნდა შესულიყო, მეორეში 90-ზე მეტი. “ენ ტე ვე პლუსის” განცხადებით, საქართველოში შემოსვლა არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი და მას “სოციალურ მისიადაც” განიხილავენ.
“არა “გაზპრომ მედიის” შვილობილ NTV Plus-ს!” – ამ მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა. ხელმომწერები კომპანიის საქართველოში შემოსვლას ეწინააღმდეგებოდნენ.
შეგახსენებთ, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ იყო უფლებამოსილი „ნტვ-პლუსი-სთვის” ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა მიეცა.
რატომ გაიარა ავტორიზაცია რუსულმა “ნტვ-პლუსმა” – კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამის შესახებ განმარტება გააკეთა და საიას უპასუხა.
კომენტარები