საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თამვჯომარემ და „შენებოს მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კარგია რომ ივანიშვილმა პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა, გამოიღებს თუ არა ეს შედეგს, ამას დრო გამოაჩენს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაისიგრძეგანა რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრახის პირასაა და გადაწყვიტა გადაედგა ბოლო ნაბიჯი, რაც მას შეეძლო გადაედგა, რასაც მეორედ მოსვლას უწოდებდა თავად და ამით იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე. 2012 წელს ქართველ ხალხს დაპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომების გამოსწორებას და ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას. ახლა პოლიტიკაში დაბრუნებით, ის გვპირდება თავად „ქართული ოცნების“ შეცდომების გამოსწორებას და ქვეყნის სწორს გზაზე დაბრუნებას. ის, რომ მან ეს პასუხისმგებლობა აიღო, კარგია. რას და როგორ შეძლებს, ამას უახლოესი დღეები და დრო გვაჩვენებს, რადგან კოსმეტიკური ცვლილებები ვერ უშველის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი შეფასებით, თავისთავად ეს ფაქტი უნიკალური შემთხვევაა. უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ სახელისუფლო გუნდი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეძლებს.
„თავისთავად ეს არის უნიკალური შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებული ძალა ერთ წელიწადში ამ ზომამდე მიდის, სთხოვს საკუთარ დამფუძნებელს – მოდი გვიშველე, თორემ ჩამოგვექცა თავზე ყველაფერიო. მინდა ვისურვო, რომ სახელისუფლებო გუნდი სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ ვითარებას, ხელიდან არ გაუშვებს მართვის სადავეებს დროზე ადრე და შეძლებს სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
კომენტარები