ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა გამოძიებას და ჩატარებულ ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებს. ზაზა სარალიძის თქმით, დასკვნა ბუნდოვანია და ექსპერტიზამ პასუხი ვერ გასცა კითხვაზე, რომელი დანით ან ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მის შვილს.
ექსპერტიზის ამ დასკვნაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია. თუმცა, როგორც მოკლულის მამა აცხადებს, დასკვნა პასუხების ნაცვლად უფრო მეტ კითხვას აჩენს.
„ჩემი შვილის სხეულზე მიყენებული ჭრილობა, რომელზეც ექსპერტებმა დასკვნა დადეს, მომაკვდინებელ ჭრილობაზე მაქვს საუბარი, სამწუხაროდ, ამ დასკვნაში წერია, რომ ვერ დადგინდა, რომელი დანით იყო მიყენებული ეს ჭრილობა და რა იარაღით იყო მიყენებული ეს ჭრილობა. ორი ბრალდებული, რომელიც ზის დღესდღეობით ბრალდებულის სკამზე, ნამდვილად არიან დამნაშავეები, ნამდვილად მიესჯებათ საკადრისი სასჯელი, მაგრამ მე უკვე ეჭვს მიჩენს ის, რომ კიდევ შეიძლება სხვა იარაღი იყო გამოყენებული. იქიდან გამომდინარე, რომ დანები აქვთ, სხეული ჰქონდათ ჩემი შვილის, ტანსაცმელი აქვთ, ვერ დაადგინეს ამ ორი დანიდან რომელი იყო გამოყენებული, ეს აბსურდია უკვე, მაშინ რაღა ექსპერტი არის,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, რომელიც დანით რომელი ჭრილობა არის მიყენებული და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ.
პროკურორი ზვიად ფხაკაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ თითქოს ვერ დგინდება ექსპერტიზით ჭრილობების საგანი. მისი მტკიცებით, გარდაცვლილს საქმეში არსებული დანების გარდა სხვა საგნით არ აქვთ ჭრილობა მიყენებული.
„მე მკაფიოდ ვადასტურებ, რომ მომაკვდინებელი ჭრილობა იდენტიფიცირებულია, თუ რომელი დანით არის მიყენებული. ხოლო რაც შეეხება კონკრეტიზაციას, რომელი დანის მიერ და რომელი ბრალდებულის მიერ არის განხორციელებული ქმედებით არის მიყენებული, ამის კონკრეტიზაციას ვერ მოვახდენ იმ მიზეზის გამო, რომ ეს გამოიწვევს საქმის მტკიცებულებების გახმაურებას,“ – განაცხადა პროკურორმა.
კომენტარები