რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა ემზარ კვიციანის პროექტს იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს.
„იყო შეურაცხყოფა პირადად არა მარტო ადამიანებზე, არამედ ღმერთზე იყო შეურაცხყოფა, ამის გამო ბიჭებმა აგინეს და დღეს ციხეში სხედან. ამიტომ არის საჭირო ეს რეგულაცია, რომ არ ჰქონდეს არანაირი სურვილი ნებისმიერ ადამიანს იმისა, რომ გამოხტეს და ლანძღოს ვიღაცის რელიგია და ღმერთი, ამიტომ ამას უნდა არეგულირებდეს კანონი“,-განაცხადა კვიციანმა.
კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ პრინციპს ეთანხმება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად გაიწეროს, რას ნიშნავს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
„არის გარკვეული სამუშაო ჩასატარებელი და არის გარკვეულ რეგულაციებში მოსაქცევი, ისე, რომ რელიგიის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. მე მგონია, რომ ისევე როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არის, შესაძლებელია ეს ბალანსი დავიცვათ“,-განაცხადა კილაძემ.
კომენტარები