საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები დაკავშირებულია რუსეთის აგრესიასთან, რუსეთის სამეზობლო და საგარეო პოლიტიკასთან. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის შეკრებაზე – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ გააკეთა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და რეფორმებთან დაკავშირებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის თარგმანს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ორი თარიღი – 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა მათი პრივილეგირებული შეხედულებები და ინტერესები წარმოადგინეს; ასევე მეორე თარიღი – რუსეთში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც მოვისმინეთ ახალი საგარეო პოლიტიკა, რომლითაც დაანონსდა ახალი, ცივი ომის კონცეფცია.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსულ პოლიტიკასთან გამკლავებაა, რომელიც აწარმოებს ჰიბრიდულ, პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
“ეს არის სამომავლო გამოწვევა და მიმართული არ არის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ჰიბრიდული ომების წინააღმდეგ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოს პროპაგანდული ომის წინაშეა და ამ პროცესის საშუალებით რუსეთი ცდილობს განხეთქილება შეიტანოს საზოგადოებაში, სოციალური მედიისა და სხვა მედია ფორმატის გამოყენებით. რუსეთი ამ პროპაგანდისტული ომის წარმოებისას ირჩევს ქვეყანაში არსებულ პრობლემას, ახდენს საზოგადოებისა და გარემოს რადიკალიზაციას.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ვერ დავუთმობთ ჩვენს დემოკრატიას და ჩვენ ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა ვქმნიდეთ ჩვენ ერთობლივ გზავნილებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კომენტარები