რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
„როდესაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაინტერესება გამოხატა რუსეთთან ურთიერთობების იმ კრიზისიდან გამოყვანაზე, რომელშიც სააკაშვილის წყალობით შეიქმნა, ჩვენ ამას დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნირმალიზების პროცესი, რამაც ამ წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მოიტანა.
აღდგა და რამდენჯერმე გაიზრდა ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის, აღდგა საავიაციო და სახმელეთო მიმოსვლა, მოისხნა 2006 წელს შემოღებული შეზღუდვა რუსული ვიზების გაცემაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის, სწრაფი ტემპით ვითარდება საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო და სპორტული კონტაქტები. ასე რომ, „ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი“ არამხოლოდ გაჩნდა, არამედ წარმატებულად განხორციელდა.
ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრს საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არ მოსწონს. გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგეებმა აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე. მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტური სპეკულაციების მიუხედავად ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს“, – აღნიშნა ზახაროვამ.
კომენტარები