საქართველოში მწერლები მიშელ უელბეკი და ერლენდ ლუ ჩამოვლენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა – საქართველო, 2017 და 2019 წლების საპატიო სტუმარი ქვეყნების – საფრანგეთისა და ნორვეგიის მწერლებს უმასპინძლებს.
ნორვეგიელი და ფრანგი მწერლები საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ესტუმრებიან.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ცნობით, ცენტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის მწერლების შეხვედრა საქართველოში მაისსა და ივნისში გაიმართება. მწერლებს მასპინძლობას თბილისში, დავით გარეჯსა და ყაზბეგში თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე გაუწევს.
“ერლენდ ლუ თბილისს 28 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მწერალი ესტუმრება მის ქართულ გამომცემლობას და შეხვედრას გამართავს მკითხველთან წიგნის მაღაზიაში „სანტა ესპერანსა“ (სანკტ პეტერბურგის N12). 31 მაისს კი გაიმართება პანელ-დისკუსია, რომელშიც ერლენდ ლუსთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ბორდის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა მიიღებს.
ერლენდ ლუ ნორვეგიაში ძალიან წარმატებული და აღიარებული მწერალია, მას და მის შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოშიც, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მისი ორი რომანი – „დოპლერი“ და „ნაივური სუპერი“ აქვს გამოცემული. ამ უკანასკნელმა მწერალს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. წიგნები ქართულ ენაზე ნორვეგიულიდან თამარ კვიჟინაძემ თარგმნა.
მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს თავის ფრანგ გამომცემელთან ერთად ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ის ერთ დიდ შეხვედრას გამართავს მკითხველთან რუსთაველის თეატრში, მეორე შეხვედრაზე კი ის არჩილ ქიქოძესთან, მედეა მეტრეველთან და იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის როლზე, გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
მიშელ უელბეკი თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მწერალია, მისი უკლებლივ ყველა რომანი თარგმნილი და გამოცემულია ქართულ ენაზე”- ნათქვამია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, პროექტი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი თანამშრომლობითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და NORLA ნორვეგიული ლიტერატურა საზღვარგარეთ მხარდაჭერით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიაში წელს პირველად განხორციელდება.
“აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა აღნიშნული პროექტის ტრადიციად ქცევას აპირებს და ბაზრობის პროგრამაში ყოველწლიურ ხასიათს მიაღებინებს. პროექტის დეტალების შესახებ 19 აპრილს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან ერთად ხორციელდება და სპეციალურად ორივე ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი ჩამოდის.
მათივე განცხადებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია, მსგავსი ინიციატივებითა და პროექტებით ხელი შეუწყოს ერთი მხრივ, მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში ქართული ლიტერატურის როლისა და მნიშვნელობის გაზრდას და მეორე მხრივ, ქართული, ფრანგული და ნორვეგიული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას”- აცხადებენ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში.
კომენტარები