აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში ნიკი ჰეილი თეთრი სახლის განცხადებას აკრიტიკებს. როგორც ცნობილია, ჰეილიმ გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას რუსეთისადმი ახალი სანქციების დაწესება დააანონსა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ თეთრი სახლი ჯერ არ ჩქარობს სანქციების დაწესებას. ამ უხერხულობის შემდეგ, თეთრი სახლის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ლერი კუდლოუმ განაცხადა, რომ ჰეილი „დაიბნა“ და ამიტომ განაცხადა სანქციების შესახებ.
„უკაცრავად, მაგრამ მე არ ვიბნევი“, – განუცხადა ჰეილიმ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც BBC წერს, ნიკი ჰეილი ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. მისი როლი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან რექს ტილერსონი გაათავისუფლა.
კომენტარები