ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla რამდენიმე დღით Model 3-ის წარმოებას წყვეტს. კომპანიის განცხადებით, ეს გეგმიური პაუზაა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ საწარმოო პროცესი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც Tesla საწარმოო პროცესს აჩერებს.
„ამ პაუზებს ვიყენებთ ავტომატიზაციის გასაუმჯობესებლად და პრობლემების გამოსასწორებლად, რათა გაიზარდოს წარმოების მასშტაბი“, – წერია კომპანიის განცხადებაში.
როგორც ცნობილია Tesla დღემდე ვერ ასრულებს დანაპირებს ინვესტორებისადმი, რომ კვირაში 2500 Model 3-ის დამზადებას შეძლებდა. კალიფორნიაში მდებარე ქარხანა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ავტომატიზებულია, წარმოების პროცესში ბევრ პრობლემას აწყდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, მან შეცდომა დაუშვა, როდესაც რობოტებზე გადამეტებული იმედები დაამყარა.
კომენტარები