ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ვეფხია ბაქრაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. დაცვის მხარე ბრალდებულის 20-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
როგორც ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, თუმცა კვალიფიკაციას, კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებს არ ეთანხმება.
დღესვე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა თემურ ბაქრაძეს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები