ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის უახლოესი მრჩეველი და მარჯვენა ხელად წოდებული, აბუ-ვალიდ ალ-შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge არაბულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია Al Sumaria იუწყება, აბუ-ვალიდ ალ-შიშანი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ კირკუკის მახლობლად მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დოკუმენტები აღმოაჩინეს, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო დამარცხების შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჰეიდარ ალ-აბადიმ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა.
აბუ ვალიდ ალ-შიშანი აშშ-ის „შავ სიაში“ ჰყავდა შეყვანილი.
კომენტარები