ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება ოფიციალურად დამკვიდრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათი ცნობით, ლიტვის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისია ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების შესაძლო დამკვიდრების საკითხის განხილვას განაგრძობს.
“აღსანიშნავია, რომ 5 აპრილს ლიტვის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რომ ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდეს საქართველოს ავთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება, საქართველოს ამჟამად არსებულ დასახელებასთან ერთად (Gruzija).
კომისია განაგრძობს მსჯელობას სახელწოდების დაზუსტებულ ფორმულირებასთან დაკავშირებით და მოგვიანებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, სიტყვა Sakartvelo-ს ლიტვური ენის ლინგვისტურ თავისებურებებთან მორგების თაობაზე.
ამ ნაბიჯით, ლიტვა გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უწოდებს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას.
საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში მიესალმება აღნიშნულ ნაბიჯს, რომელიც განსაკუთრებით სიმბოლური იქნება საქართველო-ლიტვის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის და გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით.
ასევე, ეს იქნება უნიკალური ჟესტი ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან, რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავს – 2018 წლის 26 მაისს”- ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
კომენტარები