დღეს ვითარება ქვეყანაში არის რადიკალურად შეცვლილი, რაც არის „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ქვეყნის განვითარებაში გარდატეხის შეტანა 2012 წელს მოხდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობითა და მოქალაქეთა თანადგომით, პოლიტიკურ პროცესებში არსებითი ცვლილებები განხორციელდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს წინსვლა ყველა მიმართულებით გრძელდება.
„2012 წელს, როდესაც ჩამოყალიბებული იყო ქვეყანაში არადემოკრატიული მმართველობა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და jთითოეული თქვენგანის თანადგომით, ერთად დგომით, ჩვენ შევძელით არსებითი ცვლილებების შეტანა ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში და დღესაც ჩვენი ქვეყანა თქვენი დამსახურებით აგრძელებს წინსვლას, აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულებით. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს ადამიანის უფლებების სფეროში, თავისუფლების, დემოკრატიის სფეროში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლიდან, არამედ ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ამისათვის ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენს ქვეყანაში“,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო წლებში, ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვითარდება ეკონომიკა და „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ევროპის მასშტაბით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მყარდება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციები და იზრდება სტაბილურობის ხარისხი, რაც, მისივე შეფასებით, პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.
„ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმ პროექტებს, რომლებზეც დეტალურად ისაუბრა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ.
ჩვენ სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ ის, რომ გასულ წელს ქვეყანას, საქართველოს, ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის რეგიონის ქვეყნებში, რაც არის „ქართული ოცნების“ ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ასევე, ჩვენ ვიმყარებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს და იზრდება საქართველოს სტაბილურობის ხარისხი, რაც არის ჩვენი რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. დღეს ვითარება ქვეყანაში არის რადიკალურად შეცვლილი, რაც არის „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგი“,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის გაძლიერებასთან დაკავშირებით 2 წლის წინ გაცემული დაპირებები პირნათლად შესრულდა, განახლდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი და პარტია საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების წინაშე განახლებული გუნდით წარდგა, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა.
კომენტარები