ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივაბარეთ მიწას ერთი გმირი ქართველი ვაჟკაცის სხეული, რომელიც ვერ გატეხეს და რომელსაც ვერ ათქმევინეს ვერც ერთი სიტყვა ჩვენი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” გორის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისთვის უდიდესი პატივია, იმყოფებოდეს ქალაქში, რომელიც არის საქართველოს გული, რომელმაც უდიდესი ტკივილი გადაიტანა.
“ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივაბარეთ მიწას ერთი გმირი ქართველი ვაჟკაცის სხეული, რომელიც ვერ გატეხეს და რომელსაც ვერ ათქმევინეს ვერც ერთი სიტყვა ჩვენი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. როდესაც ასეთი ისტორიები ხდება, ეს კიდევ უფრო განგვამტკიცებს შინაგანად და მეორეს მხრივ, ასევე გვიმყარებს რწმენას, რომ იმ პრაგმატულ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაზე და მშვიდობის შენარჩუნებაზე, ალტერნატივა არ გააჩნია. მე ქედს ვიხრი ყველა იმ მოქალაქის წინაშე, რომელიც ცხოვრობს ამ ულამაზეს ქალაქში და რომელმაც თავისი გმირული სულისკვეთება არაერთხელ ანახა მთელს ქვეყანას”- განაცხადა პრემიერმა.
22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის გულის შეტევა. სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს, 26 დღის შემდეგ გადმოასვენეს. ცხედარი ქართულ მხარეს წითელი ჯვრის წარმომადგენლების ჩართულობით ერგნეთის ტერიტორიაზე გადასცეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია.
გარდაცვლილი სამხედრო 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
კომენტარები