„მწვანე ზრდა“ არ არის კომპრომისი ან ალტერნატივა. ის ეკონომიკურ ზრდასა და გარემოს სტაბილურობას ერთდროულად გულისხმობს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ მწვანე ეკონომიკური მოდელირების სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც მწვანე ზრდის სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მწვანე ზრდა საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას და ცხოვრების დონის ამაღლებას გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს. მისი თქმით, ის ასევე იცავს მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და ეკოსისტემებით.
სამუშაო შეხვედრა მწვანე ზრდის სტრატეგიის ფარგლებში მეორედ გაიმართა, რომელზეც მოწვეულმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საერთაშორისო ექსპერტმა ანდრეა ბასიმ სტრატეგიაში ჩართული დარგების მოდელირებაზე პრეზენტაცია გააკეთა.
დოკუმენტი მოიცავს ეკონომიკასა და გარემოს დაცვას, მათ შორის, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტურას, აგრეთვე განათლების სექტორებს, ითვალისწინებს ამ სექტორებში განსახორციელებელ ღონისძიებებსა და მათი დაფინანსების საკითხებს.
კომენტარები