საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქსა და რუსეთის პრეზიდენტს კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს.
ილია მეორის სამძიმრის წერილებს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს.
თქვენო უწმინდესობავ,
26 მარტს კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს.
თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლადშესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა. ძმური სიყვარულით ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“ ,- წერია ილია მეორის წერილში.
პატრიარქი ლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა.
„მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს.
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ.
მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლადშესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში“,- წერს ილია მეორე.
კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძარს, რომელიც 25 მარტს გაჩნდა, ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. რუსულ ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობა დაღუპულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მალავს. ბლოგერები ადგილობრივ მოსახლეობაზე, სავაჭრო ცენტრის და პროზექტურების თანამშრომლებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ხანძრის დროს 150-დან 300-მდე ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები