დავით დონდუას თქმით, რუსეთი არანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით. ჟენევის მოლაპარაკებების ქართული დელეგაციის ხელმღვანელის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სრულიად აბსურდულ განცხადებას აკეთებენ.
„მთავარი აქცენტი გავაკეთეთ ტატუნაშვილის საქმეზე, რაზეც სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერი შინაარსიანი ვერ მოვისმინეთ და ვერ გავიგეთ ვერც რუსეთის და ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისგან. ცხინვალის წარმომადგენლებმა იგივე განცხადება წაიკითხეს, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ, სრულიად აბსურდულს. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მოხდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, რომელიც იყო უკანონოდ დაკავებული, ახლა ჩვენთან მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც უნდა დასრულდეს და არავინ ხელი არ უნდა შეუშალოს მის დასრულებას, მაგრამ ფაქტი ერთია, ადამიანი არის ნაწამები და ახლა უნდა მოხდეს ამის გამოძიება და ის ვინც არის დამნაშავე, უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე. რასაც გამოძიება არ სჭირდება, ეს არის ის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმან, ვინც არის ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, ეს არის რუსეთის ფედერაცია“,-განაცხადა დონდუამ.
კომენტარები