ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ინიციატივით, დღეს შედგა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც აფბასა და აგარის შაქრის კომპანიის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ აგარის შაქრის ქარხნის ყოფილი თანამშრომლები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც, თუმცა, მათ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ მათ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, შეხვედრას არ დასწრებიან.
თუმცა, მოლაპარაკება არ ჩაიშალა და შეხვედრის მონაწილეებმა აგარის შაქრის ქარხანასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. პროცესში უკვე აქტიურად ჩაერთო ბიზნესომბუდსმენის აპარატი. ასევე, დამოუკიდებელი კონსულტანტების სახით ჩართულები არიან ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებიც.
აგარის შაქრის კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კვლავ მზადყოფნას გამოთქვამენ, პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერი გააკეთონ. მათივე მტკიცებით, ქუჩის აქციების ფორმატით პოზიციის გამოხატვა შედეგის მომტანი არ იქნება და არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის დიალოგი. კომპანიის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ იმედგაცრუებულები არიან, რადგან აგარის შაქრის ქარხნის ყოფილმა თანამშღომლებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა კონსტრუქციულ ფორმატში მუშაობაზე უარი განაცხადეს.
{R}
კომენტარები