26 მარტს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციაში გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელსაც მსხვილი ისრაელური კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრებიან. ისინი წარმოადგენენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა საფინანსო, ინოვაციური ტექნოლოგიები, მობილური კომუნიკაციები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვ. მრგვალი მაგისი მსვლელობისას, პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელური ბიზნესის წინაშე გააკეთებს მოხსენება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესახებ.
საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენთან.
ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ქალაქ იეჰუდაში კომპანია ELBIT-ის ხელმძღვანელ პირებთან, რომლის დროსაც ასევე მოეწყობა აღნიშნული კომპანიის ახალი პროექტის პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, აგრეთვე შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე.
კომენტარები