დღეს თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. მას 79 წელი შეუსრულდა. მწერლის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა.
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა. 1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად ვაჟთა პირველ სკოლაში მიაბარეს. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს სუკ-მა გურამ დოჩანაშვილს ბრალად წაუყენა ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ხოლო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.
1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. უნივერსიტეტში სწავლისას თავისი მომავალი მეუღლე ნათელა სეფიაშვილი გაიცნო.
მწერლის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. მის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი 1966 წელი იყო, დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა მისი პირველი წიგნი „მთის გადაღმა“. მოგვიანებით გურამ დოჩანაშვილი გაწევრიანდა მწერალთა კავშირში. 1990 წელს მწერალს გარდაეცვალა ვაჟი, რამაც მასზე ძლიერი დარტყმა მოახდინა. მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს . 1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში.1985 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორი. გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: ”სამოსელი პირველი”, ”კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, ”იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი”, ”ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე” , ”ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები” და სხვა.
გურამ დოჩანაშვილი ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატია, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2013 წელს დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადაეცა.
“არქეოლოგიაში ვმუშაობდი. ძალიან ბევრი რამ მომცა – სამშობლოს შეცნობისთვის არქეოლოგია უებარი საშუალებაა. მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული და მუსიკაც ძალიან მეხმარება. ეს ორი დარგი, მუსიკა და არქეოლოგია, მთელ ცხოვრების განმავლობაში ჩემთვის ძალიან დიდი საყრდენი იყო და ახლაც არის. მიწერია კიდევაც ამაზე და ხშირად ვამბობ – ხელოვნების მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი. ეს იქნება მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა, ნახატის ნახვა თუ მუსიკის მოსმენა – ყველაფერ ამის შემდეგ ადამიანი უნდა გახდეს იმაზე უკეთესი ვიდრე იყო”- წერს გურამ დოჩანაშვილი “თავისუფლების დღიურებში”.
კომენტარები