ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. ადვოკატები სასამართლოს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მიმართავენ. ადვოკატ ბადრი ბერიძის განცხადებით, დაცვის მხარეს მტკიცებულებები უკვე გადაეცა.
„პროკურატურა ითხოვს დაპატიმრებას, ეს შუამდგომლობა ჩვენ თავისი არგუმენტებით გადმოგვეცა, განვიხილავთ ამ საკითხს. ვინაიდან სახეზეა გაუფრთხილებელი დანაშაული, გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს, ჩვენ დავაყენებთ გირაოს საკითხს“,-განაცხადა ადვოკატმა ბადრი ბერიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები