იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე მსჯელობენ. პროექტის მიხედვით, ე.წ. კანონიერი ქურდებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ სანქციები მკაცრდება. საკანონმდებლო პაკეტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წარუდგინა.
„ქურდული სამყაროს წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა დღეს დანაშაული არ არის, მაგრამ ამ კანონს რომ პარლამენტი მიიღებს, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ დევნით დავის გადაწყვეტის არასამართლებრივ ალტერნატიულ გზებს თუ მიმართავს, ქურდული სამყაროს წევრს ან „კანონიერ ქურდს“ მიადგება და მათი ქმედებების და დავების შეფასებას სთხოვს, ამისთვის ისინი სისხლის სამართლის წესით დაისჯებიან. გარდა ამისა, ამ კანონპროექტის მთავარი სამიზნე არიან ქურდული სამყაროს წევრები და „კანონიერი ქურდები“, ვინც გარკვეულ ქმედებებს ახორციელებენ იმისთვის, რომ ამ სამყაროს საქმიანობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და ამ სამყაროს მიზნებს ემსახურებიან, შესაბამისად დასჯადი იქნება მაგ. ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, რომელიც დღეს არ ისჯება სისხლის სამართლის წესით. არსებული სანქციები მნიშვნელოვნად იზრდება. 5-დან 8 წლამდე არის მოქმედი კანონმდებლობით ქურდული სამყაროს წევრისთვის სასჯელი, გაიზრდება 7-დან 10 წლამდე, 9-დან 15 წლამდე გაიზრდება „კანონიერი ქურდისთვის“ სასჯელი, დღეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ხვალ გახდება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული“,-განაცხადა მეზვრიშვილმა.
კომენტარები