საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მისი მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს უპასუხა. ბექაურის თქმით, მას, როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვეყანაში მედიაპოლიტიკის განმსაზღვრელია, სრული უფლება აქვს აღნიშნულ თემაზე აზრი დააფიქსიროს. კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ბორდის წევრობის ერთ-ერთ კანდიდატ ზაზა შათირიშვილზე, რომლის ლობირებასაც სწორედ მას აბრალებდნენ.
ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
„როცა რომელიმე თვითმარქვია ჟურნალისტი ამბობს, რომ მე არ მაქვს უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს დავურეკო და დაველაპარაკო ეს გასაგებია, მაგრამ, როცა იგივეს ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აქ უკვე არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო, როგორც ჩანს, ერთნაირი კომპეტენცია აქვთ ამ საკითხებში. მათ რომ ამ საკითხში ოდნავი კომპეტენცია ჰქონდეთ და იცოდნენ ევროპული მაგალითები, ამას ნამდვილად არ იტყოდნენ. კომისიის თავმჯდომარეს არა თუ საჯაროდ შეუძლია აზრის გამოთქმა ბორდის კანდიდატზე, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებსა და ა. შ, არამედ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და ლატვიაში, არა თუ მსჯელობს კომისია ამ თემებზე, არამედ პირდაპირ ნიშნავს მათ, ამის პრაქტიკაც არსებობს. ამიტომ ის, რომ მედია პოლიტიკის შემქმნელ ორგანოს არ აქვს უფლება რომ შეხვდეს ტელევიზიის დირექტორს – აზრს მოკლებულია, აბა როგორ უნდა გავიგოთ ის პრობლემები, რაც მედიაში არსებობს, თუ მათ ხელმძღვანელებს არ ველაპარაკეთ“. – განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში კახა ბექაურმა.
შეკითხვაზე რეალურად რომ ჰქონდეს მას შესაძლებლობა დაუჭერდა თუ არა მხარს ზაზა შათირიშვილის წევრობას მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, ბექაურმა უპასუხა რომ – კი, მას მხარს აუცილებლად დაუჭერდა.
„რაც შეეხება ზაზა შათირიშვილს, მოკლედ ვიტყვი, რადგან ზაზას ჩემი ლობირება და მხარდაჭერა არ ჭირდება, მე ვუყურე გასაუბრებას და იქაც ამოყირავებულია ვითარება, ვერ გაიგეს იმ ადამიანებმა, ვინც გასაუბრებას ატარებს, რომ ეს არ არის დაკითხვა და არც გამოცდა. მთელ მსოფლიოში და კანონმდებლობითაც ასეა გაწერილი, რომ ბორდის კანდიდატები ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, მთავრი არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი, შესაბამისად, ბორდის წევრების თავისუფლების ხარისხი უნდა იყოს ძალიან მაღალი, სხვანაირად ისინი არხის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფენ. ზაზა შათირიშვილს აქვს თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალი, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ზაზა ამ მიმართულებით ყველაზე ძლიერია. მეორე ვალდებულება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაა, კულტურულ საგანმანათლებლო მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაუწყებლისთვის, რადგან ამ ტიპის და ამ შინაარსის გადაცემებს კერძო მაუწყებლები არ აკეთებენ, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურულ საგანმანათლებლო მიმართულება და ამ მიმართულებითაც ზაზა შათირიშვილს რომ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მაუწყებლისთვის, ეს საკამათო არ არის“, – განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
კომენტარები